BYD — ავტომწარმოებელი, რომელმაც Tesla-ს გაუსწრო

BYD — ავტომწარმოებელი, რომელმაც Tesla-ს გაუსწრო

BYD-ის ისტორია კლასიკური საავტომობილო კომპანიისას არ ჰგავს. ის 1995 წელს დაიწყო, როდესაც 29 წლის ქიმიკოსმა, ვან ჩუანფუმ, ნათესავისგან ნასესხები კაპიტალით შენჟენში ბატარეების მწარმოებელი მცირე კომპანია დააარსა.

თუ მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეებს თვალს ადევნებთ, ბოლო პერიოდში აუცილებლად შეამჩნევდით სახელს, რომელიც სულ უფრო ხშირად ჩნდება სიახლეებისა და სტატიების სათაურებში. ეს არის BYD, კომპანია, რომელმაც 2024 წლის ბოლო კვარტალში ელექტრომობილების გაყიდვებით Tesla-საც კი გაუსწრო და ახალი ენერგიის ავტომობილების (NEV) ანუ სრულად ელექტროებისა და დატენვადი ჰიბრიდების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში.

ბევრი მძღოლისთვის ჩინური ავტომობილები შესაძლოა, ჯერ კიდევ დაბალ ხარისხთან ან უბრალოდ სხვა ბრენდების იმიტაციასთან ასოცირდებოდეს, თუმცა BYD ამ მოძველებული ხედვის შეცვლას ცდილობს.

ამ ბრენდის ისტორიის, უპირატესობების, გამორჩეული მოდელებისა და მის მთავარ კონკურენტ, Tesla-თან შესადარებლად, ავტო იმპორტიორი კომპანია Carmark-ის გუნდმა სიღრმისეული ბლოგის მომზადება გადავწყვიტეთ და ვფიქრობთ, წერა BYD-ის  საინტერესო ისტორიით უნდა დავიწყოთ. 

BYD-ის გზა ბატარეების წარმოებიდან გლობალურ საავტომობილო ლიდერობამდე

BYD-ის ისტორია კლასიკური საავტომობილო კომპანიისას არ ჰგავს. ის 1995 წელს დაიწყო, როდესაც 29 წლის ქიმიკოსმა, ვან ჩუანფუმ, ნათესავისგან ნასესხები კაპიტალით შენჟენში ბატარეების მწარმოებელი მცირე კომპანია დააარსა. 

იმის ნაცვლად, რომ გაჰყოლოდა წარმოების სრულად ავტომატიზებულ გზას, რომელმაც ავტომობილები იაპონიიდან ხარისხის სინონიმად აქცია, BYD-მ ჩინეთის იაფი მუშახელის რესურსი გამოიყენა და წარმოების პროცესი ახლებურად დაგეგმა. შედეგად, კომპანიამ კონკურენტებზე ბევრად დაბალი დანახარჯებით დაიწყო პროდუქციის წარმოება, რამაც მალევე მიიპყრო ისეთი გლობალური მოთამაშეების ყურადღება, როგორებიცაა, Philips, Motorola და Nokia. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის BYD უკვე მობილური ტელეფონების ბატარეების უმსხვილესი მწარმოებელი იყო ჩინეთში. ამ ეტაპზე კომპანიამ დააგროვა უნიკალური ცოდნა და გამოცდილება სწორედ იმ ტექნოლოგიაში, რომელიც მალე ელექტრომობილების ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა გახდა.

2003 წელს, როცა ბატარეების ბაზარზე BYD-ის პოზიციები უკვე მყარი იყო, ვან ჩუანფუმ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი მისი აქციონერი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. კომპანიამ მცირე, ფინანსურად სუსტი სახელმწიფო ავტომწარმოებელი Xi'an Qinchuan Automobile შეიძინა. ინვესტორებისთვის ეს ნაბიჯი ბიზნესის მთავარი მიმართულებიდან სახიფათო გადახვევა იყო, რასაც კომპანიის აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა. თუმცა, ვან ჩუანფუს გრძელვადიანი ხედვა ჰქონდა, მას Qinchuan-ის ბრენდი კი არ უნდოდა, არამედ, საავტომობილო ინდუსტრიაში შესასვლელად, მისი საწარმოო ხაზი, ყალიბების ქარხანა და საინჟინრო რესურსი სჭირდებოდა.

თავდაპირველად BYD-მ პრაგმატული, ე.წ დააკოპირე და მოარგე სტრატეგია აირჩია. ამის საუკეთესო მაგალითი იყო 2005 წელს გამოშვებული BYD F3, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა Toyota Corolla-ს, თუმცა ბევრად ხელმისაწვდომი იყო. მოდელი ჩინეთის ბაზარზე უდიდესი წარმატებით სარგებლობდა და კომპანიას ავტოწარმოების მიმართულებით გამოცდილებისა და შემოსავლის დაგროვების საშუალებას აძლევდა. 

ამ გამოცდილების საფუძველზე, 2008 წელს BYD-მ მსოფლიო გააოცა და F3DM გამოუშვა. ეს იყო მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების დატენვადი ჰიბრიდი (PHEV). ამ ტექნოლოგიის დანერგვით BYD-მ ისეთ გიგანტებს დაასწრო, როგორებიცაა Toyota და General Motors. იმავე წელს უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდმა კომპანიაში 232 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც BYD-ის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავდა. 

საბოლოოდ, 2022 წელს BYD-მ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და სრულად შეწყვიტა შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოება, რათა მთელი რესურსი ახალი ენერგიის მოდელებისკენ მიემართა. 

რატომ არის BYD დღეს საინტერესო?

BYD-ის გლობალური წარმატება მხოლოდ წარმოების მასშტაბით არ აიხსნება. მის საფუძველში ორი მთავარი ტექნოლოგიური და საწარმოო პრინციპი დევს. კომპანიაში ინოვაციური დიზაინის ბატარეებს ამზადებენ და ავტომობილის წარმოების ყველა ეტაპს თავად უდგანან სათავეში. 

Blade Battery 

2020 წელს წარმოდგენილი Blade Battery BYD-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური მიღწევაა. კონკურენტების უდიდესი ნაწილი ნიკელ-მანგანუმ-კობალტის (NMC) ბატარეებს იყენებს, რომლებიც მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივით ხასიათდება. BYD-მ თავის ელექტრომობილებში ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP)-ის ელემენტების გამოყენება გადაწყვიტა. 

ტრადიციულ ბატარეებში ცალკეული უჯრედები ჯერ მოდულებში ერთიანდება და მხოლოდ შემდეგ თავსდება საერთო პაკეტში, რაც დიდ ადგილს იკავებს. BYD-მ მოდულები საერთოდ ამოიღო წარმოებიდან. ახალი ბატარეის უჯრედები გრძელი და თხელი ფირფიტებია, რომლებიც პირდაპირ ბატარეის კორპუსში ლაგდება. ამ მიდგომის გამოყენებით ელემენტის შიდა სივრცის გამოყენება 50%-ით გაზარდა. 

ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • უსაფრთხოება: LFP უსაფრთხოა და ნაკლებად ცხელდება. დაზიანებისას ის არ გამოყოფს ჟანგბადს, შესაბამისად, ბატარეის აალებას არ იწვევს. ამის  დასადასტურებლად BYD ხშირად ატარებს ტესტს: ელემენტს ლურსმნით ხვრეტენ, დაზიანებულ Blade Battery-ს კი არც ცეცხლი ეკიდება და არც კვამლი ასდის, მისი ზედაპირის ტემპერატურა კი მხოლოდ 30-60°C-ს აღწევს;
  • ხანგრძლივი რესურსი: Blade Battery 5000-ზე მეტ დამუხტვა-განმუხტვის ციკლს უძლებს, რაც ბევრად აღემატება კონკურენტების მაჩვენებელს;
  • მდგრადობა და ფასი: LFP ბატარეა არ შეიცავს კობალტს, ძვირადღირებულ და არასტაბილური ფასის მქონე ლითონს, რომლის მოპოვებაც ხშირად ეთიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. კობალტზე უარის თქმა ამცირებს როგორც ბატარეის ფასს, ისე მის  ეკოლოგიურად საზიანო კვალს.

როცა ყველაფერს თავად აწარმოებ

ავტომწარმოებლების უმეტესობა, ფაქტობრივად, ამწყობი კომპანიაა, რომელიც ათასობით მომწოდებლისგან მიღებულ ნაწილებს იყენებს. ამის ნაცვლად, BYD თავად აწარმოებს ავტომობილის კომპონენტებს, ელემენტებს, ელექტროძრავებს, მართვის ბლოკებს, ჩიპებს და ა.შ.  

წარმოების ასეთი მოდელი BYD-ს სამ მთავარ სარგებელს აძლევს:

  • მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა: კომპანია ბევრად ნაკლებადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა თუ ლოგისტიკურ კრიზისზე;
  • ხარჯების კონტროლი: საკუთარი კომპონენტების წარმოება ხარჯების კონტროლის საშუალებას იძლევა, რაც საბოლოოდ ავტომობილის ხელმისაწვდომ ღირებულებაში აისახება;
  • ინოვაციების სისწრაფე: როდესაც მთელი ტექნოლოგიური პროცესი ერთ ხელშია, ახალი იდეების დანერგვა ბევრად მარტივი და სწრაფია.

chinuri-eleqtromobilebi.webp 22.12 KB

ჩინური ელექტრომობილები — მრავალფეროვნება ყველა სეგმენტისთვის

BYD თითქმის ყველა სეგმენტის შესაფერის ავტომობილს აწარმოებს. ამ მიდგომის შედეგად კომპანია სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სახელსაც იხვეჭს. 

კომპაქტური SUV ავტომობილები, როგორც წესი, პრაქტიკულობაზეა ორიენტირებული, დიზაინი კი ხშირად მეორეხარისხოვანია. BYD-მ Atto 3-ის შექმნისას სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა სცადა. ამ მოდელის მთავარი ხიბლი ინტერიერში იმალება. სალონის დიზაინი თამამი და ორიგინალურია, მაგალითად, კარის სათავსოები გიტარის სიმებს ჰგავს, ხოლო სავენტილაციო დეფლექტორები სავარჯიშო ჰანტელების ფორმისაა. რაც მთავარია, Atto 3 უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, რასაც ადასტურებს Euro NCAP-ის მიერ მინიჭებული ხუთვარსკვლავიანი შეფასება.

თუ Atto 3 დიზაინით არის გამორჩეული, Dolphin-ის კომპაქტურ ზომაში უჩვეულოდ დიდ სივრცეა მოცემული. ეს e-Platform 3.0-ის არქიტექტურით მიიღწევა, რომელიც ინჟინრებს საშუალებას აძლევს, ავტომობილის მცირე ზომების მიუხედავად, სალონში დიდი სივრცე შექმნან. 

Seal-ის გამოჩენით კი BYD-მ ცხადი გახადა, რომ მისი ამბიციები ხელმისაწვდომი ელექტრომობილების სეგმენტს სცდება. ეს მოდელი Tesla Model 3-ის პირდაპირი კონკურენტია და პრემიუმ სპორტული სედანების ბაზარზე ლიდერობის მოპოვებას ისახავს მიზნად. ავტომობილის დიზაინმა კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. გამოყენებულია ისეთი მასალები, როგორებიცაა ზამში და რბილი პლასტმასა, რის გამოც ბევრი მიმომხილველი მის სალონს Model 3-ის მინიმალისტურ ინტერიერზე მდიდრულად და კომფორტულად თვლის. 

byd-tu-tesla.webp 16.91 KB

BYD თუ Tesla — რა განასხვავებთ მათ ერთმანეთისგან

ელექტრომობილების ბაზარზე BYD-ისა და Tesla-ს კონკურენციას ხშირად  Android-ისა და Apple-ის დაპირისპირებას ადარებენ. ეს შედარება ზუსტად ასახავს, თუ რამდენად განსხვავებული გზებით ცდილობენ კომპანიები ერთი და იმავე მიზნის მიღწევას.

ამ ანალოგიით, BYD Android-ის როლს თამაშობს, რომლის სტრატეგიაც მასობრივ ბაზარზე, მოდელების მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობაზეა აგებული. მეორე მხარესაა Tesla, რომელიც Apple-ის მსგავსად, პრემიუმ სეგმენტზეა ორიენტირებული და მოდელების შეზღუდული ხაზით ექსკლუზიურობისა და მაღალი სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს.

ეს განსხვავებული მიდგომები პირდაპირ აისახება მათ ტექნოლოგიურ პრიორიტეტებზეც. BYD თავად აწარმოებს ბატარეებს, რომლებიც უსაფრთხო, გამძლე და შედარებით იაფია. ამის გამო, კომპანიას შეუძლია დამოუკიდებლად აკონტროლოს ავტომობილების ფასი და ამავდროულად, საიმედო პროდუქტი შექმნას.

Tesla-ს უპირატესობა კი მის პროგრამულ სისტემასა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებშია. მისი თვითმართვის (FSD) სისტემა, მუდმივი ონლაინ განახლებები და Supercharger-ების ქსელი ისევ მის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად რჩება. 

ხედვასა და ტექნოლოგიებში არსებული განსხვავებები ბაზრის დინამიკაზეც შესაბამის გავლენას ახდენს. წლების განმავლობაში Tesla ელექტრომობილების ბაზრის უპირობო ლიდერი იყო, თუმცა BYD-ის სწრაფმა განვითარებამ ეს რეალობა შეცვალა. 2024 წლის ბოლოს BYD-მ პირველად გაუსწრო Tesla-ს გლობალური გაყიდვებით. თუ დატენვად ჰიბრიდებსაც (PHEV) გავითვალისწინებთ, BYD-ის ჯამური გაყიდვები დიდი ხანია, მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტების მაჩვენებელს. ეს ყველაფერი კომპანიების ფინანსურ შედეგებზეც აისახა: ბოლო მონაცემებით, BYD-ის წლიურმა შემოსავალმა 107 მილიარდ დოლარს მიაღწია, Tesla-სი კი 97.7 მილიარდია.

byd-saqartveloshi.webp 25.71 KB

BYD საქართველოში — რას უნდა ველოდოთ?

BYD-ის მსგავსი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ავტომობილების გამოჩენა საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც ნებისმიერი ახალი ბრენდის შემთხვევაში, კითხვები პრაქტიკულ ასპექტებს ეხება და მთავარი ის არის თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება BYD-ის ყიდვა საქართველოში.

ჩვენ, Carmark-ის გამოცდილი გუნდი, BYD-ის სასურველი მოდელის ჩამოყვანაში დაგეხმარებით და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი თქვენს ბიუჯეტს მოვარგოთ. თუმცა, მანამდე კიდევ ორი ძალიან აქტუალური საკითხის განხილვა გვსურს.

დამუხტვის ინფრასტრუქტურის არსებობა საქართველოში

ელექტრომობილის ყიდვა ყოველთვის ღელვასთანაა დაკავშირებული. ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს მუდმივად აინტერესებთ, რამდენად მარტივად შეძლებენ საკუთარი ავტომობილის დამუხტვას. ამ მხრივ, საქართველოში მდგომარეობა სწრაფად იცვლება და ელექტრომობილით გადაადგილებაც უფრო და უფრო კომფორტულია. 

ქვეყანაში არსებობს საჯარო და კერძო სადგურები. ამასთანავე, შესაძლებელია პირადი დამტენის შეძენა, რომელსაც სახლში დაამონტაჟებთ ან სწრაფი დამტენის შემთხვევაში, საბარგულით თან ატარებთ.

ტექნიკური თავსებადობის კუთხით პრობლემა არ არსებობს. BYD-ის ავტომობილები ჩინეთიდან ჩამოგვყავს, რომლებიც ევროპული სტანდარტის დამტენის პორტებითაა აღჭურვილი. 

BYD-ის პროგრამული უზრუნველყოფა 

BYD-ის ავტომობილები აღჭურვილია თანამედროვე, Android-ზე დაფუძნებული DiLink-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემით. თუმცა, ამ ეტაპზე სისტემას ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ მფლობელს მისი გამოყენება ინგლისურ ან სხვა ენაზე მოუწევს. თუმცა, გვგონია, რომ ეს დიდი პრობლემა არ არის, რადგან ძირითადად, ნებისმიერი სისტემის გამოყენება საქართველოში მხოლოდ ინგლისურადაა შესაძლებელი. 

byd-chamoyvana-carmark.webp 18.55 KB

ჩამოიყვანეთ BYD Carmark-ის გამოცდილი გუნდის დახმარებით

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში BYD-ის ახალი მოდელების შეძენა უკვე შესაძლებელია, ჩინეთიდან მეორადი ავტომობილის ჩამოყვანა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. თუმცა, ისევე როგორც ავტომობილების ამერიკიდან ჩამოყვანა, ეს პროცესიც სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, რათა თავიდან აიცილოთ ფარული ხარჯები და ტექნიკური პრობლემების მქონე ავტომობილის შეძენის რისკი.

სწორედ ამიტომ, კომპანია Carmark-ი გთავაზობთ ავტომობილის იმპორტის სრულ სერვისს, რომელიც ამ პროცესს თქვენთვის მარტივს, უსაფრთხოსა და გამჭვირვალეს გახდის: 

  • საუკეთესო ავტომობილის შერჩევა: თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდი მოგიძებნით საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ BYD-ის მოდელს ჩინეთის ბაზარზე.
  • სრული ფინანსური გამჭვირვალობა: წინასწარ დეტალურად გაგაცნობთ ყველა მოსალოდნელ ხარჯს, მათ შორის ავტომობილის ღირებულებას, ტრანსპორტირების, პორტის მოსაკრებლებისა და განბაჟების საფასურს;
  • ექსპერტული შემოწმება: ჩვენი გამოცდილი გუნდი და სანდო პარტნიორები ჩინეთში დეტალურად ამოწმებენ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობასა და ისტორიას, რათა თავიდან აგაცილოთ ნებისმიერი ფარული დაზიანება თუ გაუმართაობა;
  • სრული ლოგისტიკური მხარდაჭერა: ჩვენ ვუძღვებით იმპორტის მთლიან პროცესს — ჩინეთში ავტომობილის შეძენიდან დაწყებული, მის ფოთის პორტში ჩამოყვანითა და საბუთების მოწესრიგებით დამთავრებული.

დეტალური კონსულტაციისთვის და თქვენს ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად, დაგვიკავშირდით. Carmark-ის გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ თქვენი სასურველი ავტომობილის უსაფრთხოდ და კომფორტულად ჩამოყვანაში.

მსგავსი სტატიები

ავტო იმპორტი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

logo
ჩვენი კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2005 წლიდან, როდესაც დაფუძნდა 'Internet Auto Auction', რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გზას ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.

© 2025 ყველა უფლება დაცულია.

რესურსები