
ბოლო რამდენიმე წელია, ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომობილი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს საწვავის ფასების მერყეობასა და მანქანის მოვლის ხარჯებზე ფიქრის შედეგია, რაც ბევრ მყიდველს სხვა ალტერნატივებისკენ უბიძგებს. თუმცა ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელიც ამ არჩევანს ახლავს,ისაა, თუ რომელი უფრო ადვილი შესანახია.
პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის და ამ ბლოგში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
ჰიბრიდული მანქანა ორი ძრავით მუშაობს – შიდა წვის და ელექტრო. ისინი ავსებს ერთმანეთს: ქალაქში, სადაც ხშირია გაჩერება და დაძვრა, ელექტრო ნაწილი უფრო მეტს მუშაობს, გზაზე კი ბენზინის ძრავი ირთვება. ბატარეა მოძრაობის დროს იმუხტება და დამატებით დამტენს არ საჭიროებს. სწორედ ეს არის ჰიბრიდის მთავარი პრაქტიკული უპირატესობა: დამტენის ინფრასტრუქტურაზე არ ხართ დამოკიდებული.
ელექტრომობილი მხოლოდ ბატარეაზე მუშაობს. ძრავი კონსტრუქციულად მარტივია, მოძრავი ნაწილები – მინიმალური. ძრავთან დაკავშირებული სერვისი პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, სხვა კითხვები ჩნდება: სად იმუხტება? რამდენ ხანს ყოფნის ერთი დამუხტვა? ბატარეა რამდენად ხშირად იცვლება? და ა.შ. ამ კითხვებს ქვემოთ ვუპასუხებთ.
ჰიბრიდული ავტომობილი ყოველდღიური გამოყენებისთვის კარგად გააზრებული ტექნოლოგიაა. სწორედ ხშირი გაჩერების, მოკლე მონაკვეთების პირობებში ელექტრო ნაწილი ყველაზე კარგად მუშაობს. ბენზინის მოხმარება მკვეთრად იკლებს, ბატარეა კი რეგენერაციული დამუხტვის გამო მუდმივად განახლდება.
გრძელ მარშრუტზე სიტუაცია იცვლება. ჰიბრიდი სტაბილურ სიჩქარეზე ბენზინის ძრავით მოძრაობს და მოხმარება არაელექტრო ავტომობილისას უტოლდება. ელექტრო ნაწილი სწორედ ყოველდღიური, შიდა გზებისთვის არის განკუთვნილი და არა მაგისტრალისთვის.
ელექტრომობილის 2025 წლის მოდელების უმეტესობას ერთი დამუხტვით 400-500 კმ-ზე მეტი გარბენი აქვს, თუმცა ეს მაჩვენებელი ტემპერატურაზე, მართვის სტილსა და გათბობა-გაგრილების გამოყენებაზეა დამოკიდებული. ზამთარში გარბენი 20-30%-ით შეიძლება, შემცირდეს. საქართველოს კლიმატური პირობების, განსაკუთრებით მთის რეგიონების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი პრაქტიკული მნიშვნელობისაა.
საქართველოში სწრაფი დამტენების ქსელი ვითარდება, თუმცა არათანაბრად. თბილისში სიტუაცია შედარებით კარგია, რეგიონებსა და ზოგიერთ მაგისტრალზე კი სწრაფი დამტენის პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის. ვინც მანქანას ძირითადად ქალაქში ატარებს და სახლში ან სამსახურში დამუხტვა შეუძლია, ამ პრობლემას იშვიათად შეეჩეხება.
ჰიბრიდისა და ელექტრომობილის სერვისის ხარჯები
ჰიბრიდის ხარჯები ტექნიკურ მომსახურებაზე ორი სისტემის არსებობიდან გამომდინარეობს – ბენზინის ძრავი და ელექტრო კომპონენტები. ზეთის გამოცვლა, ფილტრები – ეს ხარჯები რჩება, თუმცა სამუხრუჭე სისტემა ნაკლებად ცვდება, რადგან რეგენერაციული დამუხტვის გამო ის, ჩვეულებრივ ავტომობილთან შედარებით, გაცილებით დიდხანს ძლებს. სერვისი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ავტოსახელოსნოში – ეს ჰიბრიდის მნიშვნელოვანი უპირატესობაა საქართველოს კონტექსტში.
ელექტრომობილს ზეთი არ სჭირდება. მიმდინარე მოვლის ხარჯი ბევრად ნაკლებია. თუმცა სერვისი მარტივად ხელმისაწვდომი არაა. ელექტრო სისტემის დიაგნოსტიკა სპეციალიზებულ სახელოსნოს საჭიროებს. საქართველოში ასეთი სახელოსნოები არსებობს, თუმცა მრავალფეროვანი არჩევანი არაა.
ჰიბრიდის ბატარეა შედარებით მცირე ზომისაა. ეს მისი მუშაობის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება. Toyota-ს ჰიბრიდებზე ბატარეა 200 000-300 000 კმ-ს ხშირად ყოველგვარი ჩარევის გარეშე ფარავს. ქართულ ბაზარზე 10-12 წლის ასაკის ჰიბრიდებიც კი ხშირად პირვანდელი ბატარეით დადის, ეს კი ტექნოლოგიის სანდოობის მაჩვენებელია.
ელექტრომობილის ბატარეა დიდია და სწრაფი დამუხტვის ხშირი გამოყენებით ან ექსტრემალური ტემპერატურით უფრო სწრაფად ცვდება. თანამედროვე მწარმოებლები, როგორც წესი, 8 წლიან ან 160 000 კმ-ის გარანტიას იძლევიან, თუმცა გარანტია ბატარეის სრული ჩანაცვლებას ყველა შემთხვევაში არ გითვალისწინებს. ბატარეის ცვეთა ეტაპობრივია: 5 წლის შემდეგ გარბენი 10-15%-ით შეიძლება, შემცირდეს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის ხშირად შეუმჩნეველია. თუმცა ბატარეის სრული ჩანაცვლება, საჭიროების შემთხვევაში, ძვირი პროცედურაა.
გერმანიის ავტომოყვარულთა კლუბის ADAC-ის მონაცემებით, რომელიც 3.6 მილიონ რეალურ მონაცემს ეყრდნობა, 2-4 წლის ასაკის ელექტრომობილი, ბენზინის ავტომობილებთან შედარებით, 2.5-ჯერ იშვიათად ფუჭდება.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ელექტრომობილების გაუმართაობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაღალი ძაბვის ბატარეა არ არის. მიზეზი სტანდარტული 12-ვოლტიანი დამხმარე ბატარეაა, იგივე კომპონენტი, რომელიც ბენზინის მანქანებშიც პრობლემებს იწვევს. ჰიბრიდული მანქანა ამ მხრივ შუალედურ პოზიციაზეა – სერვისი ხელმისაწვდომია და ბაზარზე ათწლეულების გამოცდილება არსებობს.
ელექტრომობილის საბაზრო ფასი სწრაფად იცვლება. ახალი მოდელები ხშირად გამოდის, ბატარეის ტექნოლოგია იაფდება, შესაბამისად, ძველი მოდელები სწრაფად კარგავს ღირებულებას. სამწლიანი მაჩვენებელი ელექტრომობილებისთვის 44-48%-ს შეადგენს, ჰიბრიდული ავტომობილისთვის კი – 46-52%-ს. რიცხვები მსგავსია, თუმცა ბრენდი და მოდელი გადამწყვეტ როლს თამაშობს. Toyota Camry Hybrid ან RAV4 Hybrid ქართულ ბაზარზე წლების განმავლობაში კარგ ფასს ინარჩუნებს. ეს სანდოობის რეპუტაციის შედეგია.
ჰიბრიდული მანქანა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სახლში დამტენი არ აქვს, ვინც სერვისისთვის სპეციალიზებულ სახელოსნოზე არ არის დამოკიდებული ან ვინც მანქანას რამდენიმე წელიწადში ცვლის. ეს ტექნოლოგია ნაკლებ კომპრომისს საჭიროებს და ინფრასტრუქტურის გარეშე მუშაობს.
ელექტრომობილი საქართველოში მათთვისაა, ვისაც სახლში ან სამსახურში დამუხტვის საშუალება აქვს, ვინც ამ კონკრეტული მანქანის ყოლას გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს და ყოველდღიური ოპერაციული ხარჯის შემცირება მთავარი პრიორიტეტია. ვინც ამ პირობებს აკმაყოფილებს, მოვლის თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებ პრობლემას წააწყდება. ორივე ტექნოლოგია გამართლებულია, გააჩნია, თავად რა მიზეზით სურს მომხმარებელს მისი გამოყენება.
კომპანია “ქარმარკის” გუნდი ორივე ტიპის ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს. მანქანის შერჩევა, ტექნიკური შემოწმება და ყველა ხარჯის წინასწარი გათვლა – ყველა ეს პროცესი შეძენამდე გამჭვირვალეა.
აღმოაჩინე
რესურსები